1. როდის დაიწყო ვერეს დაღმართის განაშენიანება?

ვერეს დაღმართის ტერიტორიის ათვისება დაიწყო რუსეთის იმპერიის მიერ ახლანდელი რუსთაველის გამზირის მშენებლობასთან ერთად. აქ გადმოვიდა ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც საჭიროებდა დაცვას.  ელბაქიძის დაღმართზე განთავსდა სააარტილერიო შენაერთი და შესაბამისად, ამ ადგილს „საარტილერიო ხაზი“ ეწოდებოდა. საქანელას ქუჩის ტერიტორია ერთადერთი გაშლილი ადგილი იყო მჭიდროდ განაშენიანებული თბილისის მიმდებარედ და მას მოხეტიალე ცირკები იყენებდნენ წარმოდგენების გასამართად. აქედან წარმოიშვა საქანელას ქუჩის დასახელებაც (УлицаКарусельная). ვერეს დაღმართის განაშენიანება მხოლოდ 19 საუკუნის ბოლოსკენ იწყება და ძირითადად აგურის 2-3 სართულიანი სახლები  შენდება. ჯავახიშივლის სახლ- მუზეუმიც თავდაპირველად ორსართულიანი იყო, მესამე სართული მეოცე საუკუნის დასაწყისში დააშენეს. თვითონ საქანელას ქუჩის განაშენიანება კი, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ძირითადად ბარაკები და თვითნებურად დაპროექტებული საცხოვრებელი სახლები აშენდა. ამ ტერიტორიაზე კულტურული ფასეულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ითვლება. ეს შენობა მართლაც უნიკალურია თავისი არქიტექტურით: ჯავახიშვილის ქუჩიდან ის 3-სართულიანია, ხოლო საქანელას მხრიდან მისი სიმაღლე 7 სართულია. ასევე, უნიკალურია საქანელას მხრიდან მისი აივნები და ტერასები.